ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ნატოს პროგრამის "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" / NATO Science for Peace and Security Programme ფარგლებში ვენეციის კაფოსკერი უნივერსიტეტთან (იტალია), კონსორციუმთან CISNA (იტალია) და პერდუს უნივერსიტეტთან (აშშ) თანამშრომლობით მუშაობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის შექმნის / Network for Alerting and Managing Public Safety and Resilience – REACT პროექტზე.

ფოტო: ილიაუნი

პროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის, განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურების შემთხვევაში.

პროექტის ფარგლებში ამერიკის კვლევების ცენტრში (რომი, იტალია) გაიმართა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა ქართული დელეგაცია.

ფოტო: ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პროფესორი ქეთევან კუპატაძე — პროექტის ადგილობრივი წარმომადგენელი; თამარ ედიშერაშვილი — ახალგაზრდა მკვლევარი; ქეთევან დარახველიძე — განვითარების სამსახურის უფროსი და პროექტის ადმინისტრატორი; მანანა სალუქვაძე — პროექტის ფინანსური მენეჯერი.

ფოტო: ილიაუნი

ქართულ დელეგაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმოადგენდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი მალხაზ ლაგურაშვილი.

სამდღიან სამუშაო შეხვედრას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე.

"REACT პროექტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მეშვეობით ქვეყანა ატმოსფერული ჰაერის ქიმიური დაბინძურების მონიტორინგისთვის დამატებით შესაძლებლობებს იღებს. მყისიერი განგაშის პლატფორმა კი, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნება, დაუყოვნებელი რეაგირების საშუალებას მოგვცემს. ჩემთვის, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლისთვის, დამატებით საამაყოა, რომ პროექტს საქართველოს მხრიდან სწორედ ილიაუნი ახორციელებს", — აღნიშნავს ქეთევან კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის ადგილობრივი წარმომადგენელი.

ფოტო: ილიაუნი

"ქვეყნის მასშტაბით ქიმიური უსაფრთხოების სენსორების დამონტაჟება უდიდეს როლს შეასრულებს საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებების გაუვრცელებლობის კუთხით. ეს კი ნიშნავს პრევენციას და საშუალებას მოგვცემს, შესაძლო საგანგებო სიტუაციის დროს დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ", — განაცხადა მალხაზ ლაგურაშვილმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა.

პროექტს REACT აფინანსებს ნატოს პროგრამა "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS). პროგრამა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს ნატოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის და მისი მიზანია ნატოს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა.