სულელური აზრები ყველას მოგვდის და შესაძლოა მეგობრებმა მათზე ფრთების შესასხმელად საერთო გეგმა ან ფინანსური დახმარებაც შემოგვთავაზონ ხოლმე მაგრამ, შემოთავაზებული ფული მილიარდობით დოლარი ნამდვილად არასდროს იქნება თუ თქვენ დონალდ ტრამპი არ ხართ.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა დიდი ხანია სურს. უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც ტვიტერმა და ფეისბუქმა მისი ანგარიშები დაბლოკეს.

ტრამპის "სტარტაპმა", რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს ინვესტორთა ანონიმური ჯგუფისგან 1 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღო. ამ გარიგების შემდეგ Trump Media and Technology Group უკვე 4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

1 მილიარდი დოლარი ცოტა ფული ნამდვილად არ არის. ზუსტად ამ ფასად, $1 მილიარდად 2012 წელს Facebook-მა ინსტაგრამი მთლიანად შეისყიდა.

ტრამპის სოციალურ ქსელს, რამდენადაც ირონიულად არ უნდა ჟღერდეს, TRUTH — ანუ სიმართლე ერქმევა. სოციალური ქსელი ტრამპის მედიასთან ურთიერთობის ჯგუფმა ოქტომბერში დააანონსა. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ სოციალური ქსელის ვებ გვერდი და აპლიკაცია, რომელიც მოწვევების სისტემით იმუშავებს, ნოემბერში გამოჩნდებოდა.

რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხორციელება TRUTH-ის გუნდა დროულად ვერ შეძლო და ჯერ კიდევ უცნობია თუ სადამდე გადაიწია ახალი სოციალური ქსელის გაშვების დედლაინმა.

TRUTH-ის შექმნის მიზანი, როგორც ტრამპი ამბობს გიგანტურ კომპანიებთან, ე.წ. BigTech-თან დაპირისპირება იქნება. თუმცა, ამის გაკეთება ძალიან ძნელია, როდესაც არანაირი ტექნოლოგია არ გაქვს. კომპანია გეგმავს, რომ ქსელი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2022 წელს გახდეს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დასრულების ვადები კიდევ ბევრჯერ გადაიწევს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ანგარიშები ტვიტერსა და ფეისბუქზე ჯერ კიდევ დაბლოკილია. ამის შემდეგ მან Parler-ში გადაინაცვლა, თუმცა კარგი დღე არც ამ უკანასკნელს დაადგა, რადგან Google-მა და Apple-მა აპლიკაცია თავიანთი მაღაზიებიდან ამოიღეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.