NASA-ს ლეგენდარულ ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს ძალიან მძიმე წელი ჰქონდა. ყველაფერი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც ტელესკოპს სისტემური პრობლემა შეექმნა და ის Safe Mode-ზე გადავიდა, რამაც მეცნიერების პარალიზება გამოიწვია. ინჟინრებმა პრობლემა მალევე გადაჭრეს, თუმცა ჰაბლის ხარვეზები ამით არ ამოწურულა. ივნისში გიგანტური ტელესკოპის რამდენიმე მოწყობილობა მწყობრიდან ისევ გამოვიდა. ამ ყველაფრის შემდეგ ნასამ ტელესკოპის ძირფესვიანი დიაგნოსტირება გადაწყვიტა. პრობლემის აღმოფხვრას ჯამში თვეზე მეტი დასჭირდა და უკვე ივლისში ნასას ინჟინრებმა ეს ხარვეზიც აღმოფხვრეს. თუმცა, საგა ამით არ დასრულებულა. 3 ნოემბერს ჰაბლის ტელესკოპი ისევ გაითიშა.

ნოემბრის ბოლო გათიშვის შემდეგ, ტელესკოპზე უამრავი ადამიანი მუშაობდა და დღეს, როგორც NASA აცხადებს, ტელესკოპის ყველა პრობლემა გამოსწორებულია და ის გამართულად მუშაობს.

ამჟამად ჰაბლის ოთხივე ძირითადი სამეცნიერო ინსტრუმენტი სრული დატვირთვის რეჟიმშია. ჰაბლის ხარვეზების ფონზე სასიხარულო ამბავია, რომ NASA-ს მიერ მრავალჯერ გადადების მიუხედავად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი რამდენიმე კვირაში კოსმოსისკენ დაიძვრება და ჰაბლთან ერთად ტანდემში მუშაობას შეუდგება.

"ორი ტელესკოპის ერთად მუშაობა მიმდინარე ათწლეულში საშუალებას მოგვცემს საგრძნობლად გავაფართოვოთ ცოდნა კოსმოსის შესახებ" — წერს NASA თავის განცხადებაში.

ჰაბლის ტელესკოპი უკვე 31 წელია გვემსახურება და ამას ისიც ემატება, რომ პირადად ის ბოლოს 12 წლის წინ შეაკეთეს, ეს კი იმას ნიშნავს რომ მას ამ დროის განმავლობაში ფიზიკურად არავინ შეხებია. ასტრონომებმა ის ბოლოს სწორედ 12 წლის წინ მოინახულეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.