კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად და შესაბამისი რეკომენდაციის გასაცემად სახალხო დამცველს მიმართავს. კოალიციის განცხადებით, მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე პროცესებს თვალი ადევნონ.

"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს", — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა ყველა ჟურნალისტს მიეცეს.

დღეს, 8 დეკემბერს TV პირველის გადამღები ჯგუფი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, თეა წულუკიანის ბრიფინგზე არ შეუშვეს. მაშინ როცა მედიების ნაწილი ბრიფინგს უკვე ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანის მიერ გამართულ ბრიფინგებზე მედიების ნაწილის აქამდეც არ უშვებდნენ. მაგალითად, 22 ნოემბერს ღონისძიებაზე არ შეუშვეს როგორც TV პირველის, ისე მთავარი არხის გადამღები ჯგუფი.

დღესვე წულუკიანმა TV პირველის ჟურნალისტის შეურაცხყოფა სცადა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ შეუშვეს კრტიკული მედია მის ბრიფინგზე.

"თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები", — უთხრა წულუკიანმა მას.