ქორწინების თანაბარ უფლებას კიდევ ერთ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაუჭირეს მხარი. ჩილეს კონგრესმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება კანონიერად ცნო.

კონგრესის ქვედა, დეპუტატთა პალატაში, კანონპროექტს 82-მა მხარი დაუჭირა, 20 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. საკანონმდებლო ინიციატივამ ქვეყნის სენატის მხარდაჭერაც მოიპოვა.

ინიციატივა თავდაპირველად 2017 წელს, სოციალისტური პარტიის წევრმა და იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიშელ ბაჩელეტმა, წამოაყენა, თუმცა, კონგრესმა მასზე მუშაობა დააყოვნა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, რაც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამაც დაუჭირა მხარი ქორწინების თანაბარ უფლებას.

აღსანიშნავია, რომ პინიერა მემარჯვენე და კონსერვატიული ღირებულებების მქონე პოლიტიკოსია. ღიად გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ, იგი უკვე მიღებულ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

"ვფიქრობ, დრო მოვიდა, ჩვენს ქვეყანაში ქორწინების თანაბარი უფლება ვცნოთ", — განაცხადა პინიერამ ივნისში, — "ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, ექნება შესაძლებლობა, რომ სიყვარულით იცხოვრონ და შექმნან ოჯახი ყველა იმ დაცვის საშუალებითა და ღირსებით, რომელიც სჭირდებათ და რომელსაც იმსახურებენ".

ფოტო: Fernando Lavoz / Getty Images

ჩილეში და ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო კავშირი ჯერ კიდევ 2015 წელს ცნეს, თუმცა, ქორწინების თანაბარი უფლების მინიჭებით ადამიანებს სხვა შესაძლებლობებზეც ექნებათ ხელმისაწვდომობა.

ლათინურ ამერიკაში ქორწინების თანაბარ უფლებას რამდენიმე ქვეყანაში აღიარებენ, მათ შორის, არგენტინაში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, ურუგვაიში, კოსტა-რიკასა და მექსიკის ზოგიერთ ნაწილში.