ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანას, პირველ რიგში, სჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების განაწილებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილის წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა წაიკითხა.

"ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ცალკე აღებულ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც აქ დაბრუნებით პრაქტიკულად გადავდე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად, ძალადობისგან თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხუთი შეთავაზება შეთავსებადია ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან და ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ ხელს უწყობს მათ.

როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს — ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე და არჩევნებამდე მისვლაზე", — აღნიშნულია წერილში.

მისივე თქმით, თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს და თავად ლაზიკასა და განათლებაში ინვესტიციების მოზიდვით დაკავდება.

"მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს, თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს. ეს არის და ეს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში", — აცხადებს ექსპრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი იმისა, რომ დაპირისპირებული მოქალაქეები გააერთიანოს.