კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსის გარეშე, პირდაპირ დანიშნა. მათ შორისაა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის, რომლის ხელმძღვანელი ისევ რობერტ სტურუა იქნება.

წულუკიანი განმარტავს, რომ თეატრების ხელმძღვანელების კონკურსის გარეშე დანიშვნა მისი დისკრეციული უფლებაა. რუსთაველის თეატრის გარდა წულუკიანმა სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა რეზო გაბრიაძის თეატრში — ლევან გაბრიაძე და ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ აფხაზეთში — გელა კანდელაკი.

ისინი ამ პოზიციებზე მომდევნო 4 წელი იმუშავებენ. რაც შეეხება სხვა თეატრებს, მათ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი დღეიდან ცხადდება.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც წულუკიანმა ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, არ შეუშვეს TV პირველის გადამღები ჯგუფი. როგორც ჟურნალისტს სამინისტროს თანამშრომელმა განუმარტა, აქვთ იმ ტელევიზიების სია, რომლებიც უნდა შეუშვან ბრიფინგზე და TV პირველი მათ შორის არ იყო.