საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 5-6 ივლისს ხელისუფლების ტოლერანტული პოზიციის ნაცვლად, სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებმა წაახალისა ძალადობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ვერ უზრუნველყო სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზება, ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება და მათი აღკვეთა. ამასთანავე, ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მომხდარ შესაძლო დანაშულებზე დაწყებული გამოძიებები პრობლემურია. ამის გათვალისწინებით საია რეკომენდაციებს ავრცელებს.

"სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლისა და თავდასხმის ფაქტების დროულ აღკვეთას და არაეფექტიანი გამოძიებით სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებს მომხდარ დანაშაულებს. მსგავსი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას, აჩენს "დაუსჯელობის სინდრომს" და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. ასეთი დანაშულები ქვეყანაში ბადებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების, პიროვნების იდენტობის, აზრის გამოხატვის და თავისუფალი განვითარების შიშს. ეს კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას", — აცხადებს საია.

საია მოუწოდებს:

  • სახელმწიფო უწყებებსა და მათ წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სიძულვილის ენით საუბარი, დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები, ქმედებები და უზრუნველყონ საჯარო განცხადებების მეშვეობით, ტოლერანტული, უფლებებზე ორიენტირებული პოზიციის ადვოკატირება;
  • საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს ეფექტიანი პოლიტიკა ჰომო/ბი/ტრანსფობიის დაძლევისა და საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით;
  • საქართველოს პროკურატურას, დასაბუთებული ვარაუდის სატანდარტით გამოკვეთოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისა და მასში მონაწილე სხვა პირთა ბრალეულობა.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაიცვას ლგბტქ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პირთა მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობა;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან, სათანადოდ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება;
  • დაპირისპირების საშიშროების არსებობისას მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, უზრუნველყოს სათანადო საპოლიციო ძალის მობილიზება;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე;
  • 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებებში მონაწილე პირთა და ძალადობის ორგანიზატორთა დასადგენად განაგრძოს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.