არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის განსაკუთრებული სიახლე აქვს: პროდუქტიულობის გასაზრდელად და პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად დასაქმებულები 4,5-დღიან კვირაზე გადადიან. ცვლილება 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ამჟამად არსებული სტანდარტის მიხედვით, დასაქმებულები ხუთშაბათი საღამოდან შაბათ საღამოს ჩათვლით ისვენებენ. ახალი ინიციატივით სამუშაო დღე დილის 8-ის ნახევარზე დაიწყება და, პარასკევის გარდა, 3-ის ნახევარზე დასრულდება. იცვლება დასვენების დღეებიც: დასაქმებულები პარასკევს შუადღის 12 საათიდან კვირა დღის ჩათვლით დაისვენებენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ისვენებენ, რათა მორწმუნეებმა პარასკევი დღის ლოცვები არ გამოტოვონ. ახალი ცვლილების შესაბამისად, პარასკევი დღის ლოცვები დაახლოებით 1 საათით გადაიწევს და 13:15-ზე დაიწყება.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თვლიან, რომ სამუშაო კვირის ცვლილება ქვეყანას დაეხმარება, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გაამყაროს იმ ქვეყნებთან, რომლებიც შაბათ-კვირას ისვენებენ. დამატებით, ცვლილება სასარგებლო იქნება ქვეყანაში არსებული საერთაშორისო კომპანიებისთვისაც.

ჯერჯერობით უცნობია, დაინერგება თუ არა სამუშაო კვირის ახალი მოდელი კერძო სექტორში.

არაბთა გაერთიანებული საამიეროები ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც სამუშაო კვირის ხანგრძლივობა შეამცირა. ივლისში ისლანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელი მკვლევრებმა უდიდეს წარმატებად შეაფასეს. აღნიშნული მოდელის შემოღება ბელგიაშიც განიხილება.

ამავე თემაზე: