ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებით, რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოზე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება უნდა გაზარდონ.

"გვქონდა სასიამოვნო შეხვედრა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთისგან უკრაინასთან დაკავშირებით საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავუორმაგოთ საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. საქართველოს 1/3 ოკუპირებულია რუსეთის მიერ", — წერს ის ტვიტერზე.

6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა მომავალი წლის დასაწყისისთვის სურს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართვენ, სადაც უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ. ბაიდენი უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე აშშ-ის შეშფოთებას გაუსვამს ხაზს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კრემლი 10 ნოემბერსაც გააფრთხილა.

გაიგე მეტი: