სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მის მიმართ დისციპლინური ზომები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნის პასუხად დაიწყო. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

"აღსანიშნავია, რომ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი ცნობით, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებულ ინფორმაციას მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ისინი სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, ეს საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.

"აქვე აღვნიშნავთ, რომ, #18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი", — აცხადებენ პენიტენციურში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით.

სააკაშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ისნპექტორის დასკვნის შემდეგ კადრები აეღოთ, მის წინააღმდეგ დღეს "შურისძიება განახორციელეს", ე.წ. დისციპლინარური ზომები დაუწესეს და შეხვედრები შეუზღუდეს. მისი თქმით, სანამ ეს არ გაუქმდება, ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს.