აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეო შეხვედრა დასრულდა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს.

განცხადების თანახმად, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის ირგვლივ რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა მომავალი წლის დასაწყისისთვის სურს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კრემლი 10 ნოემბერსაც გააფრთხილა.

გაიგე მეტი: