ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ერთობლივ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპული მისწრაფებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთახმების გაფორმების კვალდაკვალ საქართველო წლების განმავლობაში ფართომასშტაბიან რეფორმებს ახორციელებდა. აქვე მითითებულია, რომ რეფორმების პროცესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა მათ მთლიანობაში გარდაქმნეს ქართული სახელმწიფო, ეკონომიკა და გაზარდეს მოსახლეობის ცხოვრების დონე.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია. ასევე, აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორზე დამყარებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდის მთავარი შესაძლებლობად რჩება.

კვლევაში ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ფართოდ აღიარებული წარმატებების მიუხედავად, საჯარო სექტორის მმართველობითი სისტემის ტრანსფორმაცია არ არის დასრულებული, რაც ამ სფეროში რეფორმის გატარების აუცილებლობას დღის წესრიგში აყენებს.

EIB-სა და EBRD-ის ერთობლივი კვლევა საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებსაც ეხება.

"კოვიდ 19-ის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა სრტუქტურული რეფორმების გატარების აუცილებლობა, რადგან ტურიზმის სექტორი, რომელიც ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, ეკონომიკური ვარდნის ძირითადი წყარო გახდა.

პოლიტიკური არასტაბილურობა არის ბიზნესისთვის ყველაზე მეტად თვალსაჩინო გამოწვევა, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში გავლენას ახდენს მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედებს ქვეყნის პროგრესზე რეფორმების გატარების პროცესში", — ვკითხულობთ კვლევაში.

გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშში საუბარია საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერების აუცილებლობაზე — კვლევის ავტორების თქმით, ეს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან პირდაპირ კავშირშია.

"სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, ისევე როგორც სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ამაღლება, საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გასაღებია", — აცხადებენ ისინი.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია, რეფორმები გატარდეს სხვა მიმართულებებშიც — აქ განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ეთმობა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სამუშაო ძალა ვერ პასუხობს ბიზნესის მოთხოვნებს, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების პროცესს აფერხებს. მათივე თქმით, სამუშაო ძალის უნარების გასაუმჯობესებლად განათლების სისტემაში არსებული სისუსტეები უნდა აღმოიფხვრას, რაც ტექნიკური და პროფესიული განათლების გაძლიერებით შეიძლება მოხდეს. კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოში შრომის პროდუქტიულობის ზრდა ასევე გაძლიერდება ისეთი გამოწვევების გადაჭრით, როგორიცაა გენდერული და რეგიონული უთანასწორობა.

ანგარიშიში ნათქვამია, რომ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, განსაკუთრებით რეგიონებში, ფინანსების წვდომის სირთულეებს აწყდებიან. კვლევა საბანკო სექტორსაც მიმოიხილავს.

"საბანკო სექტორი კარგად იმართება და რეგულირდება, აქვს კომფორტული კაპიტალიზაცია, არის თანმიმდევრულად მომგებიანი და შედარებით ეფექტური სესხების რეალურ სექტორზე გადაცემისას. თუმცა, დოლარიზაცია ტრადიციულად მაღალია, რაც საბანკო სექტორს მიდრეკილს ხდის ეკონომიკური კრიზისისა და სავალუტო რისკის საკრედიტო რისკად გადაქცევისკენ", — ნათვამია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად, საჭიროა მთელი რიგი გამოწვევების გადაჭრა. საერთაშორისო ინსტიტუტების განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევას ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდა, რისთვისაც ე.წ. გრინფილდ ინვესტიციების კლების ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ანგარიშში საქართველოს, როგორც სატრანზიტო მდებარეობის პოტენციალის ათვისების საჭიროებაზეც არის საუბარი.

"ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული, გარე კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებისთვის გადამწყვეტ ფაქტორად რჩება. საქართველოს, როგორც სატრანზიტო რეგიონის ევრაზიის შესანიშნავი გეოგრაფიულ მდებარეობას აფერხებს შედარებით ცუდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკის ხარისხი, რაც, თავის მხრივ, გარე ბაზრებთან ინტეგრაციას უშლის ხელს", — წერია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ციფრულ კომუნიკაციებზე წვდომა შედარებით მაღალია, თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებობს აშკარა განსხვავებები გენდერული და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. გარდა ამისა, კვლევის ავტორების თქმით, საქართველოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი ინვესტიციას საჭიროებს.