განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი "ისტორიული ფიგურაა" და ის "ღირსეულად" უნდა წარმოჩნდეს თანამედროვე ისტორიაში. მინისტრის განცხადებით, შესაბამის სახელმძღვანელოებში ეს ასეც იქნება. ასე ეხმაურება ის კრიტიკას, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანას მოჰყვა.

"კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისაგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში. ასევე, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სახელძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და პროცესის დროს ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსიროს.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში", — აცხადებს ჩხენკელი.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

გაიგე მეტი: