მმართველი პარტიის დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ქვეყანა გადაარჩინა სრულ ტოტალიტარიზმს. მისი თქმით, ეს არის რეალობა და აჟიოტაჟი, რომელიც ისტორიის სახელმძღვანლოში მის მოხვედრას მოყვა, გაუგებარია. როგორც მან განმარტა, ბოლო ათწლეულებია ივანიშვილი ეწევა ქველმოქმედებას.

"პირდაპირ გეტყვით, მე არ ვიცი მათი აჟიოტაჟი რამ გამოიწვია. მე არ დავიწყებ მათ დახასიათებას, მე გეტყვით იმას, რომ არავისთვის გასაკვირი არ არის რომ უკვე ათწლეულებია თანამედროვე საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ეწევა ქველმოქმედებას. ყველასათვის ნათელი და ცხადია, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც შეძლო, რომ 2012 წელს გაეერთიანებინა პოლიტიკური სპექტრი და რეალურად, ეს ქვეყანა გადაარჩინა სრულ ტოტალიტარიზმს. ეს არის რეალობა. მე არ ვიცი, ეს ვის არ მოსწონს, ეს არის სრული რეალობა, რომლის თანამონაწილეც მე ვიყავი თავის დროზე 2012 წელს და მხვდა პატივად. მაგრამ რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფიგურა, ეს რეალურად ვერ შედგებოდა", — თქვა ჩიქოვანმა იმედის ეთერში.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

უფრო კონკრეტულად, დიოგენეს გამოცემულ წიგნში ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესმა მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი ბიოგრაფიული ცნობა შესთავაზა და პოლიტიკური საქმიანობის გარდა, მისი ბიზნეს საქმიანობაც მიმოიხილა. ივანიშვილი, ბიზნესმენად და პოლიტიკოსად, ასევე, ქველმოქმედადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. წიგნში წლების მიხედვითაა ჩამოთვლილი, თუ რით იყო იგი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაკავებული, ტექსტში მის დაარსებულ ბანკები, მათ შორის, როსისკიი კრედიტი და ქართუ ბანკიც ნახსენებია.

გაიგე მეტი: