სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, ლეგალური ოპერატორების შეზღუდვის შემთხვევაში, მოქალაქეები არალეგალურ გზებს იპოვიან, მათ შორის, დაბრუნება ე.წ. ხელზე მაზაობა. როგორც ის ამბობს, ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობის აღება არავის სურს.

"ჩვენ თუ შევზღუდავთ ლეგალურ ოპერატორებს, მოთამაშე მაინც იპოვის ხერხებს, გზას, რომ გადაერთოს სხვა, იგივე არალეგალური საიტებზე ჩაერთოს. დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობის პრინციპები, რაც იყო ადრე და გვახსოვს ეს საკმაოდ კარგად იყო განვითარებული საქართველოში და ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი გზა გამოიარა ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად. ყველაზე სამწუხარო ის მომენტია, რომ პასუხისმგებლობის აღება არავის არ სურს აღნიშნულზე და არავის არ გაუკეთებია ანალიზი, რა ცუდი შედეგი მოჰყვება აი ამ ყველაფერს", — განაცხადა მან ბიზნეს ფორმულას ეთერში.

მამულაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის ნაწილი უკვე ისედაც ჩართულია არალეგალურ თამაშებში და ეს ციფრი წელიწადში 120 მილიონ ლარს შეადგენს. მამულაიშვილის შეფასებით, შეზღუვების შემთხვევაში, ეს თანხა სულ მცირე ათჯერ გაიზრდება.

"გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანი, რომელიც 18-დან 25 წლამდეა მიეჩვევა იმ არალეგალურ საიტებს, იმ არალეგალური საიტების ბონუსს, ის საქართველოს ბაზარზე აღარ დაბრუნდება. რადგან დღესდღეობით ბევრი საშუალებაა განახორციელო როგორც ინტერნეტწვდომა, ისე თანხის გადარიცხვა. აქ არ არის საუბარი თუნდაც პლასტიკურ ბარათებზე, აქ არის საუბარი ელექტრონულ საფულეებზე, კრიპტოვალუტაზე. უკვე ძალიან ბევრმა არალეგალური კრიპტოკაზინომ დაიწყო რეკლამირება საქართველოს სივრცეში თავისი პროდუქტების. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს", — ამბობს ის.

გადაცემაში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის უფროსმა თქვა ისიც, რომ ბიზნესის წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და გაეცნენ პროექტის დეტალებს, თუმცა მისი თქმით, ეს არ იყო კანონპროექტის ბოლო ვერსია და ელოდებიან კონსულტაციებს.

22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ინიციატივა გულისხმობს პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას და რეკლამების აკრძალვას, მეორე ეტაპზე, კი ონლაინ კაზინოთა სრულად აკრძალვა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს.

გიორგი მამულაიშვილმა კი 2 დეკემბერს თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ წავა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, ისინი იძულებული გახდებიან გათიშონ ონლაინ ტოტალიზატორები და უარი თქვან სოციალურ და სხვა პროექტებზე, მათ შორის სპონსორობაზე.

გუშინ, 6 დეკემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოების რეგულაციის შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებენ. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ამ თემაზე პარლამენტთან კონსულტაციები უკვე გამართა.