სოციალურ სამართლიანობის ცენტრმა პლატფორმა სალამ-ის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია ითხოვს სასამართლომ გააუქმოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, რომელმაც პლატფორმის წევრებს უარი უთხრა #გვარიდამიბრუნე კამპანიის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის ინიცირებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი დასაშვებად უკვე ცნო.

რამდენიმე თვის წინ, პლატფორმა სალამ-ის წევრებმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სლოგანით #გვარიდამიბრუნე. მათ სურთ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც შეეძლებათ მათთვის არაავთენტური სუფიქსის ჩამოშორებით ან შეცვლით გვარის შეცვლა. 27 სექტემბერს მათ პარლამენტში წარადგინეს 27 000-მდე ხელმოწერა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჯერ არასწორად დაითვალა წარდგენილი ხელმოწერები, შემდეგ კი ბათილად მიიჩნია რამდენიმე ათასი ხელმოწერა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბოლოოდ ნამდვილად ჩათვალა მხოლოდ 22 928 ხელმოწერა.

"აშკარაა, რომ კომიტეტმა ხელმოწერების დათვლისა და ანალიზის შეფასების პროცესში საცხოვრებელი მონაცემების ნამდვილად მიჩნევის სხვადასხვა და საბოლოოდ თვითნებური მიდგომები გამოიყენა და ფორმალური მიდგომებით პეტიციის კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა მოქალაქეებს. სწორედ ამგვარი ტექნიკური დასაბუთებით კომიტეტმა მოამზადა უარყოფითი დასკვნა, 2021 წლის 8 ნოემბერს კი საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის განსახილველად წარდგენაზე უარი განაცხადა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ბიუროს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კარგი მმართველობის პრინციპებს, ასევე, არღვევს ამომრჩევლის უფლებას, უშუალოდ ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა მმართველი პოლიტიკური გუნდიდან წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც არატრადიციული/არაავთენტური გვარების ცვლილების ახალ წესს და პროცედურებს ადგენს, რაც ჩვენი აზრით, მოქალაქეების მიერ ქვემოდან ორგანიზებული მოთხოვნის და წუხილის პირდაპირი აღიარებაა, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების თვითორგანიზებას, როგორც პროცესს, თავისთავადი ღირებულება აქვს და არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა მოქალაქეების დემოკრატიული მობილიზების პროცესს პატივი სცეს და ამ პროცესში განსაკუთრებული გულისხმიერება აჩვენოს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ პლატფორმა სალამ-ის ინიციატივა არადომინანტური ეთნიკური თემის თვითორგანიზებისა და პოლიტიკაში ჩართულობის უნიკალური გამოცდილებაა, ეს კი "სათანადოდ დანახული არ იყო პარლამენტის მხრიდან".