პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის ალტ ინფოს პარტიას არ დაარეგისტრირებდა, რადგან, მისი "კრედო" რადიკალურად განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, ის აქვე დასძენს, რომ რადიკალური მემარჯვენე პარტიები გერმანიაშიცაა.

"მე, მაგალითად, არ დავარეგისტრიდებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო, ვთქვათ, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება. მაგრამ, არის, ვთქვათ, გერმანიაშიც, რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები, მაგრამ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე მას საფუძველი, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან გაერთიანებას, რომ იმოქმედოს იატაკქვეშეთში", — განაცხადა მან.

დღეს, 7 დეკემბერს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ ინფოს პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა. რეესტრზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, კონსერვატიულ მოძრაობად წოდებული პარტიის თავმჯდომარე 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა.

მანამდე, 25 ნოემბერს საჯარო რეესტრმა კონსერვატიული მოძრაობის რეგისტრაცია შეაჩერა და მიზეზად დოკუმენტაციის შევსებისას დაშვებული რამდენიმე შეცდომა დაასახელა. მათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 დღე მიეცათ. რეესტრიდან ვიგებთ, რომ 2 და 6 დეკემბერს ალტ ინფომ დამატებითი დოკუმენტები წარადგინა, დღეს, 7 დეკემბერს კი უწყებამ პარტია დაარეგისტირა.

ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ ინფომ პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. ალტ ინფოს პარტიის ასაკრძალად ოპოზიციის დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათი განცხადებით, ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.