ჩინეთმა უკანასკნელ პერიოდში არაერთი კოსმოსური მიღწევით გამოიჩინა თავი, ამჯერად კი საქმე წყალქვეშა ოპერაციებისათვის მსოფლიოს უდიდესი ანტენის ამუშავებაზე მიდგა. კვლევა ჟურნალ Chinese Journal of Ship Research-შია გამოქვეყნებული.

ასევე იხილეთ: ჩინეთმა ამერიკას გადაასწრო და დღეიდან ის მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა.

ანტენა 3 ათასი კილომეტრის მანძილზე წყალქვეშა კომუნიკაციების შესანარჩუნებლად შექმნეს. პროექტის მთავარ ინჟინერს, ჟა მინგსა და მის კოლეგებს თუ დავუჯერებთ (ვუხანის საზღვაო კომუნიკაციის კვლევითი ინსტიტუტი), მისი საშუალებით გუამთან, აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზასთან მიღწევაა შესაძლებელი, რომელიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

გიგანტური ანტენის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა გუნდმა განაცხადა, რომ იგი ბეიჯინგის სამხრეთით ათას კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთ დუანჰანგიდან (ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) 2 ათას, ხოლო სიჩუანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციიდან, მიანიანგიდან კი ათას კილომეტრში მდებარეობს აღმოსავლეთით.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ზღვის ფსკერიდან 200 მეტრის ქვემოთ განლაგებულ ანტენებს შეუძლია, გიგანტური ანტენიდან მომავალი სიგნალები 1300 კილომეტრის დაშორებითაც კი დაიჭიროს. იგი უზარმაზარი საკაბელო ქსელისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების გამოყენებით შექმნეს. SCMP-ის უწყებით, სისტემა ორი მიწისქვეშა გადამცემით მუშაობს, რომლებიც ელექტროდენით იტენება, დედამიწას კი გიგანტურ რადიოსადგურად აქცევს.

მკვლევართა გუნდს თუ დავუჯერებთ, ჩინური ანტენა მსოფლიოში არასამხედრო მომხმარებლებისათვის პირველი ფართომასშტაბიანი, უაღრესად დაბალი სიხშირის (ELF) გადამცემია, რომელსაც შეუძლია, 0,1-300 ჰერცის ელექტრომაგნიტური ტალღები წარმოქმნას, რომლებიც წყალქვეშ დიდ მანძილზე ძალიან მარტივად გადაადგილდება.

მისი რეგულირება მარტივი სულაც არ ყოფილა. თუკი ელექტროდენი ძალიან გაძლიერდება, შესაძლოა მაგნიტური ველი წარმოიქმნას, რომელიც კაბელების გამტარობაზე იქონიებს გავლენას, ამიტომაც შექმნილი რადიოტალღები ზუსტად უნდა იყოს რეგულირებული. გუნდში ამბობენ, რომ ამგვარი პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ, გადაცემის საშუალებამ კი ამასწინათ შექმნილ სტანდარტებს გადააჭარბა.

სიგნალებს ძირითადად შორ მანძილებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის გამოიყენებენ, თუმცა მისი საშუალებით შესაძლოა, ჩინეთის ქალაქებში შესაძლო მიწისძვრათა რისკებიც შეაფასონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.