ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარისთვის მისაღებია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერები. გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს "მოღალატეების სახელებიც".

"900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი [ბიძინა ივანიშვილს] და აღდგენილი და უნიკალური ფრესკები, ახლა, ამაზე დიდ საქმეს ერთი ადამიანი ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს [...]

ისტორია მარტო გმირებს არ იცნობს, იცნობს მოღალატეებსაც და ამიტომაც, ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა იყოს შეტანილი იმ მოღალატეების სახელები, რომლებმაც მისცეს რუსეთს შანსი, მოეხდინათ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს აი ეს ოკუპაცია", — განაცხადა სოზარ სუბარმა.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

უფრო კონკრეტულად, დიოგენეს გამოცემულ წიგნში ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესმა მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი ბიოგრაფიული ცნობა შესთავაზა და პოლიტიკური საქმიანობის გარდა, მისი ბიზნეს საქმიანობაც მიმოიხილა. ივანიშვილი, ბიზნესმენად და პოლიტიკოსად, ასევე, ქველმოქმედადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. წიგნში წლების მიხედვითაა ჩამოთვლილი, თუ რით იყო იგი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაკავებული, ტექსტში მის დაარსებულ ბანკები, მათ შორის, როსისკიი კრედიტი და ქართუ ბანკიც ნახსენებია.

გაიგე მეტი: