თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი დაპირებაა, რომ არცერთი თბილისელი ოჯახი უსახლკარო არ იქნება. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი. დღეს, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისინი მუნიციპალური ბინებით იქნებიან უზრუნველყოფილნი", — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება იქნება.

"ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების ჩანაცვლება-განახლება თანამედროვე, უსაფრთხო და ქართული არქიტექტურული შენობებით მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს. აქ საუბარია ე.წ. ხრუშჩოვკებზე და ავარიულ შენობებზე, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. მათ სხვადასხვა ავარიულობის კატეგორია აქვს მინიჭებული", — თქვა მან.

დღეს თბილისის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის — მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს და პარალელურად გარეთ იმართება აქციაც.