Zoom-ში თათბირზე შესვლამდე ალბათ ყოველთვის ვნერვიულობთ, რადგან წინასწარ არასდროს ვიცით, როგორ წარიმართება მორიგი ვირტუალური შეხვედრა. თუმცა, ჩვენი ნერვიულობის მიზეზი უმეტესად ტექნიკური ხარვეზის საფრთხეა — ალბათ ასევე იყო ამერიკული იპოთეკური კომპანიის იმ 900 თანამშრომლისთვის, რომელიც პირდაპირ Zoom-ის შეხვედრის დროს დაითხოვეს.

"კარგი ამბით არ ვარ მოსული", — განუცხადა Better.com-ის დირექტორმა, ვიშალ გარგმა თანამშრომლებს წინა კვირას, — "თუ ამ შეხვედრას ესწრებით, იმ ჯგუფში, მოხვდით, რომელსაც მაინცდამაინც არ გაუმართლა. თქვენ აქ დასაქმებულები აღარ ხართ".

გარგის თქმით, ბაზარი შეიცვალა და კომპანიას გადასარჩენად ადაპტაცია სჭირდებოდა. ასობით ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის ვიდეო ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა.

"ჩემი გადაწყვეტილება იყო და მინდოდა, პირადად მეთქვა", — წაუმძღვარა უსიამოვნო განცხადებას კომპანიის დირექტორმა, — "ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, ჩემს კარიერაში მეორეჯერ ვაკეთებ ამას და ძალიან არ მინდა. ბოლოს რომ ეს გავაკეთე, ვიტირე. იმედია, ამჯერად უფრო ძლიერი ვიქნები".

ბოლოს გარგმა დასძინა, რომ უკვე ყოფილი თანამშრომლები მალევე მიიღებდნენ კომპენსაციის შესახებ მეილს, მაგრამ, საეჭვოა, ამას ვინმე ენუგეშებინა. მათი ნაწილი, გულდაწყვეტილთან ერთად, განაწყენებულიც იყო.

"ნაგავივით გადაგვყარეს", — აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული, — "დაარსებიდან იქ ვიყავით და კომპანიისთვის ბევრს ვმუშაობდით".