თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დელისის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეები აშალა. მათი განცხადებით, ინსპექციის თანამშრომლებმა პროდუქცია დაუზიანეს და ძირს დაუყარეს, რასაც უწყება უარყოფს.

როგორც On.ge-ს მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები კანონით აკრძალულ საქმიანობას აგრძელებდნენ და მათზე სიტყვიერი გაფრთხილება "აღარ ჭრის".

"ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ გავაფრთხილეთ ეს ხალხი. იმიტომ, რომ არათუ გარე ვაჭრობაზე იყო უკვე საუბარი, ქუჩაზე იყვნენ უკვე გადმოსული, გასავლელსაც აღარ ტოვებდნენ, იმდენად არ ითვალისწინებდნენ. სამჯერ მოხდა გაფრთხილება, ერთი კვირის განმავლობაში, რომ აკრიფეთ და რადგან არ მოხდა შემდეგ გათვალისწინება უკვე მოგვიწია, ასე მივსულიყავით და აგვეშალა გარევაჭრობა", — ამბობენ ინსპექციაში.

გარემოვაჭრეები მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვაჭრობა მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.