პარტია ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმით ფრაქციის მუშაობას ხელი არ შეეშლება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში გავიგებთ, ვინ ჩაანაცვლებს მას ფრაქციაში, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

"ჩემი პარლამენტიდან გამოსვლა იყო პოლიტიკური აქტი. ეს იყო ნაფიქრი ჩემ მიერ [...] მე მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში ფრაქცია ლელო საქართველოსთვის გააგრძელებს მუშაობას. ჩემი გამოსვლით ამ თემას ხელი არ შეშლია", — განაცხადა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.

რაც შეეხება მისი პარლამენტიდან გამოსვლას, ხაზარაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზად ასახელებს მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.

"მე მინდა საზოგადოებას, ყველას კიდევ ერთხელ დავანახო და მე მგონი, ამ ჩემი გამოსვლით დავანახე, რომ მე პოლიტიკაშ არ მოვსულვარ, რომ თავშესაფარი მომეძებნა ან იმუნიტეტი მომეძებნა. მით უმეტეს ახლა, როცა გადამწყვეტ ფაზაშია ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე — 9-დან 12 წლამდე მუხლს მიყენებენ. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე შეგნებულად, რომ არავის არ დარჩეს იმედი [შთაბეჭდილება], რომ თავი შევაფარე რაღაცას. გამორიცხულია. ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ის, ასევე, ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში დარჩენა თავად სთხოვა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაში მონაწილეობა მიეღო.

ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის დაშლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მამუკა ხაზარაძეს დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე შუეწყვიტეს. ფრაქციაში წევრთა მინიმალური რაოდენობა 7 დეპუტატია, ხაზარაძის გარეშე კი ლელოს ფრაქციაში 6 დეპუტატი დარჩა, ესენია: ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.