დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ის და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა პლატფორმაზე რჩებიან, ის ვერ მოისვენებს, სანამ სააკაშვილი იქნება ახლანდელ მდგომარეობაში. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის უფლებები გათელილია და ახლა მთავარია ამისთვის ბრძოლა.

"მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხავევბულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში. გეგმა არის ბრძოლა. მისი უფლებებისთვის ბრძოლა, მისი თავისუფლება. მისი უფლებები არის გათელილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართლებრივი კითხვები არსებობს — დაისვას სამართლებრივი კითხვები და არა შურისძიების და ამ უმსგავსობის, რაც მის მიმართ იყო. ჩემი ამოცანა არის, რომ შეწყდეს მისი ამ ტყვეობაში და მდგომარეობაში ყოფნა, იმ პრინციპებით, როგორც აქამდე ვიბრძოდით, მშვიდობიანი, მაგრამ აბსოლუტურად შეუპოვარი ბრძოლა, ამ სისტემის რყევა, გათანგვა და ადამიანების დარწმუნება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა მან.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვისაც აწუხებს ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევა, ბედნიერი ვერ იქნებიან იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც არის ქვეყანა და რა მდგომარეობაშიც "ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს".

ცენტრ ემპათიის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სტაციონარული მულტი-დისციპლინური მკურნალობა — რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ნეირო-ფსიქოლოგიური მიმართულებით კვლავ ესაჭიროება. ემპათიის პრეზიდენტი და ექსპერტიზის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ მე-12 და მე-18 დაწესებულებაში ცენტრ ემპათიას დასკვნების შესაბამისად, მისდამი საქართველოს ციხეთა სისტემაში მოპყრობა ერთობლიობაში შეფასდა როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების, სიცოცხლის საფრთხის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ პაციენტისადმი მტრული გარემოს გათვალისწინებით, რასაც ანტიფსიქოზური პრეპარატის არაადეკვატური დანიშვნა-მიღება ემატება.