კანადის პოლიციამ იორკის რეზიდენტები გააფრთხილა, რომ კრიმინალური დაჯგუფება Apple AirTags-ებს მათი ძვირფასი ავტომობილების სათვალთვალოდ იყენებს. იორკის რეგიონული პოლიცია პრესრელიზით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც კრიმინალებს ავტომობილების თვალთვალი და მათი მოპარვა შეუძლიათ.

იორკის პოლიციის განყოფილების თქმით, ეს ყველაფერი 2021 წელს დაიწყო. მაშინ მათ პირველად შენიშნეს, რომ კრიმინალები პატარა ტრეკინგ მოწყობილობებს ძვირადღირებულ ავტომობილებზე ამაგრებდნენ, რათა მოგვიანებით მათი ადგილმდებარეობის დადგენა და მოპარვა შეძლებოდათ. პოლიციამ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ძირითადად დამნაშავეები Apple-ის AirTags-ებს იყენებენ. კრიმინალები AirTags-ებს დაპარკინგებულ ავტომობილებს ამაგრებენ, შემდეგ მათი მფლობელების სახლების მისამართს იგებენ. ამის შემდეგ, კრიმინალური დაჯგუფების ჰაკერი წევრი სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით ხსნიან ავტოფარეხებს და ატომობილებს.

იორკის პოლიციის დეპარტამენტი მოსახლეობას ავტოფარეხში კამერების დაყენებას, საჭეზე ბლოკის დადებასა და ცენტრალური კომპიუტერის დაბლოკვას ურჩევს, რათა კრიმინალებმა ავტომობილის გადაპროგრამება ვერ შეძლოს.

Apple-სულ მალე iOS 15.2 განახლებას გამოუშვებს სადაც შესაძლებელი იქნება თვალყური ადევნოთ ყველა ახლოს მყოფ AirTags-ს, მათ შორის ისეთსაც, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. ამით ავტომობილების ტრეკინგისა და მოპარვის ფაქტები შემცირდება. დამალული AirTags-ის აღმომჩენი პოლიციასთან დაკავშირებას მომენტალურად შეძლებს.