ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი ისტორიიდან ამოიღოს. მისი თქმით, ეს "პირდაპირ ცენზურა და ისტორიასთან ბრძოლაა".

"ეს გახლავთ, ალბათ, გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავდით, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სასამართლო პროცესზე, როდესაც ხდება ალტერნატიული ისტორიის შეთხზვა და სწორე მცდელობა იმის, რომ პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში.

ეს არის უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითი 21-ე საუკუნის ცენზორების, ამ შემთხვევაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აქცენტს აკეთებს, განსაკუთრებით, იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი, ვთქვათ, იგივე მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გვერდზე თანამედროვე ისტორიის კუთხით იყოს თუ არა ნახსენები და ის, რომ ახლა ისინი იბრძვიან, რომ ამოღებული იქნას წიგნიდან. ისინი სინამდვილეში იბრძვიან, რომ ისტორიიდან იქნას ამოღებული ამ ადამიანის როლი, ასე, რომ ეს არის ბრძოლა ისტორიასთან, ეს არის პირდაპირ ცენზურა", — განაცხადა მან.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.

გაიგე მეტი: