კანარის კუნძულებზე სექტემბრის თვეში ვულკანი კუმბრე ვიეხა ამოიფრქვა. ლავამ სახლები, ეკლესიები და მაღაზიები გაანადგურა, მიმდებარე ტერიტორია კი ფერფლში ჩამარხა. თუმცა, ცოცხალი სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი დაუნდობელ ბუნებრივ მოვლენას მაინც გადაურჩა — ესენი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ფუტკრები არიან.

ვულკანის ამოფრქვევიდან თითქმის 50 დღის შემდეგ, ერთ-ერთი ადგილობრივი მეფუტკრე სოფელში დაბრუნდა, რათა ენახა, რა დაემართა თავის სკებს.

მას იქ განმაცვიფრებელი რამ დახვდა — ვულკანური ფერფლით დაფარულ ხუთ სკაში ათიათასობით ფუტკარი ისევ სახლობდა და ძველებურად ბზუოდა. საინტერესოა ისიც, რომ ისინი არა მხოლოდ მომწამვლელ აირებსა და მხურვალებას გადაურჩნენ, საკუთარი თავის გამოკვებაც შეძლეს სკაში შენახული თაფლის მარაგით.

კატასტროფის შემდეგ, ამ ამბავმა ასზე მეტ მეფუტკრეს, რომელიც კუნძულზე ცხოვრობდა და საქმიანობდა, გულში იმედი ჩაუსახა. თაფლის წარმოებითა და გაყიდვით ისინი რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ფოტო: Bianca Ackermann / Unsplash

თუმცა, ეს სიახლე არანაკლებ გასაოცარი აღმოჩნდა მეცნიერებისთვის, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს სწავლობენ. ამ ფაქტით ფუტკრების გამძლეობის უნარი დადასტურდა, რასაც იშვიათად ახსენებენ, როცა პესტიციდების, პარაზიტებისა და სამოსახლოს განადგურების შედეგად მწერებისთვის შექმნილ რეალურ საფრთხეზე საუბრობენ.

"გასაოცარია, როგორ შეუძლია ამ პატარა არსებას ათასობით წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ასეთი სიმხნევე და გადარჩენის უნარი", — აღნიშნავს ადგილობრივ მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი, ანტონიო კესადა.

კესადა ასევე დასძენს, რომ რეგიონში მცხოვრები კანარული შავი ფუტკრები წებოვან მასას, დინდგელს, იყენებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, უხვნალექიანობისას, სკაში შესასვლელი ამოქოლონ. სწორედ ასე დაიცვეს თავი მომწამვლელი აირებისგან, თუმცა, საზრიან მწერებს სამომავლო გამოყენებისთვის არც პატარა გასასვლელის დატოვება დავიწყებიათ. მათდა ბედად, ფერფლიც მსუბუქი იყო, ამიტომ სკაში ჟანგბადის შესვლაც არ გაჭირვებულა.

მართალია, კრიტიკულ სიტუაციაში ფუტკრების ამგვარი ქცევა მოულოდნელი არ არის, მეცნიერები მაინც განმაცვიფრებელს უწოდებენ ამბავს, თუ როგორ გაძლეს სკაში გამოკეტილმა ფუტკრებმა კვირების განმავლობაში. მსგავსი ისტორიები კი ბევრია — როგორ გადაურჩნენ ფუსფუსა არსებები ხანძრებს, წყალდიდობებს...

და თუმცაღა ეს პაწაწინა მწერები ასეთი შეუპოვრობით გამოირჩევიან, მათ მაინც არაერთი ეკოლოგიური ფაქტორი უქმნის საფრთხეს.

ფოტო: Miguel Calero / EPA / Shutterstock

კუნძულზე ყოფილი მცხოვრებები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ცდილობენ; ასობით სკა უკვე გადაიტანეს სხვა ადგილებში. ფუტკრებს რამდენიმე კილომეტრის რადიუსის დაფარვაც კი თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ისინი ძველ სამოსახლოს ვეღარ დაუბრუნდებიან, რადგან არემარე იქ უკვე ფერფლით და გამაგრებული ლავითაა დაფარული.

სანამ კანარელი ფუტკრები ახალ საბინადროს შეეჩვევიან, მათ თავს გადახდენილ ამბავს უკვე ენტომოლოგები სწავლობენ.

"იმაზე დრამატულს ვერაფერს ნახავ, როგორ იმარხებიან ფუტკრების სკები ვულკანურ ფერფლში და როგორ ახერხებენ ეს მწერები მაინც გადარჩენას", — აღნიშნავს ენტომოლოგი და ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიტ დელაპლეინი, — "პატარა გასახარებელი სიახლეა და ეს ნამდვილად გვჭირდება".