ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექციისა და ღამის კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, კლუბების ფუნქციონირების აღდგენის მიზნით, გარკვეული შეთანხმება უკვე შედგა და მას საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენენ.

"დღეს გაიმართა რიგით მე-5 შეხვედრა ღამის კლუბებთან, შესაბამის ასოციაციებთან. ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც მწვანე პასპორტებთან ერთად უნდა დაინერგოს და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მიღწეულია.

პირველ ეტაპზე, საბჭოს წარვუდგენთ წინადადებას, რომ მწვანე პასპორტების გარდა, ასევე, შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანების რაოდენობრივი შეზღუდვით და საუბარია, ტევადობის 50%-ზე მოხდეს მათი ფუნქციონირების განახლება", — განაცხადა ფერაძემ.

აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში, "მხოლოდ წინააღმდეგობას მიიღებენ".