მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სადაც არ უნდა გადაიყვანონ "ვერაფრით გააკვირვებენ", რადგან მისი თქმით, "არაადამიანური მოპყრობა და წამება" უკვე იწვნია. ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

"ამ დღეებში სუს აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე — ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად", — წერს ის.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სწორედ ამას ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას "სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება". სააკაშვილის შეფასებით, მელიამ მათ ძალიან "სწორად და ღირსეულად" უპასუხა.

"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია", — აღნიშნავს სააკაშვილი.

სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან შესაძლო გადაყვანის ინფორმაციას 5 დეკემბერს მისი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანას ხელს არცერთი ექიმი არ მოაწერს.

4 დეკემბერს მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა. ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათიდან არ ირკვევა, რატომ იღებდა ექსპრეზიდენტი ნეიროლეპტიკურ პრეპარატს. მისი თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ ეს საძილე მედიკამენტები იყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.