ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის რამე განსაკუთრებულსა და ნეგატიურს ისტორიის სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანაში ვერ ხედავს. მისი თქმით, ამ ყველაფერს "თავისი ლოგიკა აქვს".

"ისტორიის სახელმძღვანელო რაღაც ლოგიკით დგება და ეტყობა ამ ლოგიკით იქნა შეტანილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი პოლიტიკოსები. თავისი ლოგიკა აქვს ამ ყველაფერს. მე ვერ ვხედავ ამაში რამე განსაკუთრებულს, ნეგატიურს", — განაცხადა მან.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

გაიგე მეტი: