იტალიელმა ანტივაქსერმა კოვიდპასპორტის მისაღებად წარმოუდგენელ ხერხს მიმართა: კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის "გასაკეთებლად" კლინიკაში ყალბი, სილიკონისგან დამზადებული ხელით მივიდა.

შემთხვევა ქალაქ ბიელაში დაფიქსირდა. კლინიკაში მისულმა 50 წელს გადაცილებულმა კაცმა საჭირო საბუთები შეავსო და ვაქცინის "გასაკეთებლად" სახელო აიწია. თავდაპირველად ექთანი ვერაფერს მიხვდა, მაგრამ როდესაც პაციენტის ხელს კარგად დააკვირდა, შემდეგ კი შეეხო, განსხვავება აშკარა იყო. ექთანმა პაციენტს პერანგის გახდა სთხოვა და სილიკონის ხელი აღმოაჩინა.

"როგორც პროფესიონალმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ხელის ფერმა დამაეჭვა, რის გამოც კაცს ვთხოვე, რომ მკლავი ეჩვენებინა. [ყალბი ხელი] ოსტატურად იყო დამზადებული, თუმცა განსხვავებული ფერი ჰქონდა...მაშინვე მივხვდი, რომ კაცი სილიკონის ხელის გამოყენებით ცდილობდა, ვაქცინაციისთვის თავი აერიდებინა იმ იმედით, რომ ნემსს ყალბ ხელში გავუკეთებდი", — განაცხადა ექთანმა.

კაცი შეეცადა, ექიმი დაერწმუნებინა, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილა, თუმცა უშედეგოდ. ანტივაქსერს ბრალად თაღლითობა ედება და სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში არავაქცინირებულ ადამიანებს სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ. ვაქცინაცია აუცილებელია ბარებსა და რესტორნებში შესასვლელადაც. ჯანდაცვის სფეროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა.