2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით იზრდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როგორც იყო ჩვენი დაპირება — მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შესაბამისი ცვლილებები მომავალი წლის ბიუჯეტის დოკუმენტშიც არის ასახული. 2022 წლის ბიუჯეტში საჯარო სამსახურში დასაქმებულების ხელფასებისთვის 1,83 მილიარდი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა 2021 წლის ბიუჯეტში 1,64 მილიარდი, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში 1,54 მილიარდი ლარი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა 112 752 ადამიანი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.