ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2022 წელს ერთ სულზე გადაანგარიშებული მშპ საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საგარეო ვალი შემცირდება.

"ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას საშუალება მისცა, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი 1,31 მილიარდი ლარით გაეზარდა და მშპ-თან მიმართებით ვალი შეემცირებინა.

"ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც ასევე მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობა მიმდინარე წელს ეკონომიკის 10%-ით, ხოლო 2022 წლისთვის 6%-ით ზრდას ელოდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2022 წელს 3,05 მილიარდი ლარის საგარეო, ხოლო 2,8 მილიარდის საშინაო ვალს აიღებს. 2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალის ნაშთი 33,12 მილიარდი ლარი იქნება.

გაიგეთ მეტი: