პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლიდან პენსიის მოცულობა გაიზრდება. ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსიის ოდენობა 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.

"მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება", — განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 ლარიანი და 40 ლარიანი დახმარება 100 ლარამდე გაიზრდება.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე, ასევე, განმარტა, რომ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური დახმარება 25 ლარით იზრდება. მისივე თქმით, გათვალისწინებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

"გარდა ამისა, გათვალისწინებულია სახსრები მუნიციპალიტეტში არსებული სასწრაფო დახმარების ბრიგადების თბილისში არსებულ ხელფასთან გათანაბრება სრულად. გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. მათ შორის, სპინალური ატროფიის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამები, დიაბეტის მქონე ბავშვებისათვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატურის შესყიდვა და ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსებები", — განაცხადა ხუციშვილმა.

ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტში, ასევე, გათვალისწინებულია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებები. მისი თქმით, მომდევნო წელს სრულად იქნება დაფინასებული სოციალურად დაუცველთა ოჯახებში არსებული ბავშვების დახმარება — თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.