პარტია დროამ 6 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღების მოთხოვნით აქცია დააანონსა.

"მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავსი ტექსტის შეტანა ნიშნავს, რომ საქართველოში, ტოტალიტარული რეჟიმების მსგავსად, დაიწყო სახელმძღვანელოებში მოქმედ ხელისუფლებაზე წერა და მათთვის ხოტბის შესხმა.

დაუშვებელია სკოლის და მოსწავლეების იდეოლოგიური მიზნებით გამოყენება, მათთვის უახლესი ისტორიის იმგვარი ინტერპრეტაციით მიწოდება, რაც გავლენას იქონიებს მათ პოლიტიკურ ხედვებზე და ხელს შეუშლის მათში კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. აქციები სამინისტროს ამგვარი ინიციატივების გასაპროტესტებლად, იქნება რეგულარული", — ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

"შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?" — ეს კითხვა მე-9 კლასელებს მიემართება და შესულია იმ სახელმძღვანელოში, რომელშიც საქართველოს ისტორიას ასწავლიან. წიგნი 2020 წელს დიოგენემ გამოსცა და ამავე წელს მიიღო განათლების სამინისტროს გრიფირება, ანუ დასტური, რომ სკოლაში შეიტანონ და უფროსკლასელებს ასწავლონ.

დიოგენეს გარდა, გრიფირებულია მე-9 კლასისთვის განკუთვნილი ლოგოსპრესის ისტორიის სახელმძღვანელოც. აგვისტოს ომის შესახებ ამ წიგნშიც არის ქვეთავი. გრიფირებული ამ დროისთვის მხოლოდ ეს ორი სახელმძღვანელოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია, სკოლებს შეუძლიათ წიგნის არჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი მხოლოდ ამ ორს შორის უნდა გაკეთდეს.

გაიგე მეტი: