მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ რამდენიმე დღე უკეთ იყო, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა უარესდება.

"აქ რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე თითქოს უკეთესად იყო, გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან. მე ექიმი არ ვარ, იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ჩვეულებრივი ნერვიულობა, ეს რაღაც მედიკამენტოზურია, რა ფორმით ხდება ამის მიღება, არის იმ ჩამონათვალში, რომელიც ოფიციალურად დაფიქსირებულია

ექიმები, შეიძლება, ძალიანაც კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, მაგალითად, როგორ ხდება ეს, ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი", — განაცხადა მან.

4 დეკემბერს მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა. ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათიდან არ ირკვევა, რატომ იღებდა ექსპრეზიდენტი ნეიროლეპტიკურ პრეპარატს. მისი თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.