"შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?" — ეს კითხვა მე-9 კლასელებს მიემართება და შესულია იმ სახელმძღვანელოში, რომელშიც საქართველოს ისტორიას ასწავლიან. წიგნი 2020 წელს დიოგენემ გამოსცა და ამავე წელს მიიღო განათლების სამინისტროს გრიფირება, ანუ დასტური, რომ სკოლაში შეიტანონ და უფროსკლასელებს ასწავლონ.

დიოგენეს გარდა, გრიფირებულია მე-9 კლასისთვის განკუთვნილი ლოგოს პრესის ისტორიის სახელმძღვანელოც. აგვისტოს ომის შესახებ ამ წიგნშიც არის ქვეთავი. გრიფირებული ამ დროისთვის მხოლოდ ეს ორი სახელმძღვანელოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია, სკოლებს შეუძლიათ წიგნის არჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი მხოლოდ ამ ორს შორის უნდა გაკეთდეს.

წიგნები განათლების სამინისტროს საიტზე, გრიფირებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალშიც არის. On.ge ესაუბრა რამდენიმე მშობელს და ისინიც ადასტურებენ, რომ ბავშვები საქართველოს უახლეს ისტორიას სწორედ ამ სახელმძღვანელოებით სწავლობენ.

რუსეთ-საქართველოს ომი სახელმძღვანელოებში

დიოგენეს სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოჰყვა რუსეთის მცდელობა, ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, რაც უშედეგო გამოდგა და ერთადერთ საშუალება საქართველოს სამხედრო კონფლიქტში იმგვარად ჩართვა დარჩა, რომ აგრესორი საქართველო გამოსულიყო.

"ყოველივე ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვისკენ იყო მიმართული. 2008 წლიდან რუსეთი ფორმალურადაც კი აღარ იცავდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს. 2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა. მძიმე ბრძოლების შემდეგ, ძალების აშკარა უთანასწორობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანა", — ვკითხულობთ წიგნში.

სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდა მოაწყო და ათეულობით ქართველი მოკლა, დანარჩენები კი დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობების, ასევე, კოდორის ხეობის ქართული სოფლებიდან მთლიანად გამოაძევეს.

წიგნში ვკითხულობთ, რომ ამ დროს ქვეყანას დახმარების ხელი დასავლეთის სახელმწიფოებმა გამოუწოდეს, მათი დიპლომატიური ზეწოლის შედეგად კი რუსეთმა საკუთარი ჯარის სვლა თბილისისკენ შეაჩერა. ამასთან, საუბარია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზეც და აღნიშნულია, რომ რუსეთი ხელშეკრულებას არღვევს.

დიოგენეს წიგნის ერთ-თავში — "როგორ განვითარდა საქართველოს ურთიერთობა მსოფლიოს თანამეგობრობასთან", მოსწავლეებისთვის სადისკუსიო მსჯელობაა მოცემული, სადაც 90-იანი წლების მოვლენებს განიხილავენ. სახელმძღვანელოში საუბარია, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები ეკონომიკურად ძლიერები არიან, ადამიანები თავისუფლები არიან, დემოკრატიაა და ისინი საქართველოსაც ეხმარებიან, ამიტომ, მათთან მეგობრობა უფრო ლოგიკურია. თუმცა იქვე ვკითხულობთ, რომ ისინი საქართველოს მეზობელი ქვეყნები არ არიან და პირველ რიგში, არა მათთან, არამედ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უნდა ვიმეგობროთ და თუ ეს არ გამოვა, მათთან მშვიდონიანი ურთიერთობა მაინც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მაგალითებით სთავაზობს დიაკუსიას ავტორი მოსწავლეებს.

რაც შეეხება, გამომცემლობა ლოგოს პრესს, რუსეთ-საქართველოს ომზე საუბარი წიგნში ნატოს ბუქარესტზე მიღებული გადაწყვეტილებით იწყება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებოდნენ, რამაც რუსეთის ფედერაცია "კიდევ უფრო გააღიზიანა". ამის შემდეგ სკოლის მოსწავლეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიას ეცნობიან, სადაც მისი საქმიანობის შესახებ ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი.

ომზე თხრობა გრძელდება 2008 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში მდგომარეობის დაძაბვაზე საუბრით.

"დაიწყო საარტილერიო სროლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული სოფლების მიმართულებით, რაც ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 7 აგვისტოს რუსეთმა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისა და ცხინვალის მოსახლეობის დაცვის მოტივით, როკის გვირაბის გავლით რეგიონში მრავალათასიანი ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა, 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სახმელეთო შეტაკებების გარდა, რუსეთმა საქართველოზე საჰაერო იერიშებიც მიიტანა. ბრძოლები რამდენიმე დღე გაგრძელდა", — ვკითხულობთ წიგნში.

დიოგენეს მსგავსად, სარკოზის როლი ამ შემთხვევაშიცაა აღნიშნული, ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევაცაა ნახსენები. ნათქვამია, რომ მათი შუამავლობით, რუსეთმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ რუსეთი შეთანხმების პირობებს არა მხოლოდ მაშინ, არამედ დღესაც არ ასრულებს. წერია, რომ მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ისევ დაკავებული აქვთ.

წიგნში ომზე საუბარი ომისშემდგომი უარყოფითი შედეგებით გრძელდება. ნათქვამია, რომ ქვეყანამ დასავლეთ საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის კოდორის ხეობა და ცხინვალის რეგიონში ტერიტორიები დაკარგა, სადაც ასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.

აღსანიშნავია, რომ ცალკე გრაფაა დათმობილი ამ ვითარებაში საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერაზე და ჩამოვლილია ყველა იმ სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც 2008 წელს ქვეყანაში მხარდაჭერის გამოსახატად ჩამოვიდა. ამასთან, წიგნში მითითებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულად აღიარა და რუსეთს დეოკუპაციისკენ მოუწოდა. ამავე თავში ვკითხულობთ სტრასბურგის გადაწყვეტილის შესახებაც, რომლის მიხედვით, რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია ისტორიის სახელმძღვანელოებში

ისტორიის სახელმძღვანელოებში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაც შეიტანეს.

"ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი" — რა წერია დიოგენეს წიგნში

დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი თავში სახელწოდებით "საქართველო და თანამედროვე მსოფლიო" მოხვდა. ის ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. ივანიშვილის გარდა, დადებითაა შეფასებული ნაციონალური მოძრაობის დამარცხება და ქართული ოცნების მმართველობაში მოსვლა. ასევე, ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

სახელმძღვანელოში საუბარია ვარდების რევოლუციასა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე. ვარდების რევოლუციის შესახებ მხოლოდ ის წერია, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, რის შემდეგაც ედუარდ შევარდნაძე გადადგა, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა და ეს მოვლენა უახლეს ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით შევიდა. ამ მოჰყვება ერთი წინადადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ: "2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია".

სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის მთავრობამ გააგრძელა ევროპასა და აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობა, ასევე, ყველა სფეროში კორუფციის დაძლევა და რეფორმების გატარება მოახერხა. ნახსენებია, რომ მათი მმართველობის დროს კრიმინალურ ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიადგათ. ამასთან, აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში "გაურკვეველი დაჭერები" დაიწყო და "კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა", ამის შემდეგ კი წერია, რომ "გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა" ზურაბ ჟვანია.

"2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა. კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. კორუფციისა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. იყო გადაცდომებიც — კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერმინისტრი, ზურაბ ჟვანია. სასამართლოს საქმეები 99%-ს პროკურატურა იგებდა. ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე აქტიურ პირებს ხშირად უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. ციხეებში კი განუკითხაობა სუფევდა, რაც პატიმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა", — ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

"ბიზნესმენი, ქველმოქმედი, პოლიტიკოსი" — რა წერია ლოგოს პრესის წიგნში

გამომცემლობა ლოგოსპრესმა მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი ბიოგრაფიული ცნობა შესთავაზა და პოლიტიკური საქმიანობის გარდა, მისი ბიზნეს საქმიანობაც მიმოიხილა. ივანიშვილი, ბიზნესმენად და პოლიტიკოსად, ასევე, ქველმოქმედადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. წიგნში წლების მიხედვითაა ჩამოთვლილი, თუ რით იყო იგი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაკავებული, ტექსტში მის დაარსებულ ბანკები, მათ შორის, როსისკიი კრედიტი და ქართუ ბანკიც ნახსენებია.

ბიძინა ივანიშვილის გარდა, სახელმძღვანელოში მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი. ნათქვამია, რომ ის 1995 წლიდან პარლამენტის წევრი, შემდეგ იუსტიციის მინისტრი, შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო 2003-2013 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ასევე, აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან პოლიტიკურად უკრაინაში საქმიანობს.

რაც შეეხება ვარდების რევოლუციას, ლოგოსპრესის სახელმძღვანელოში ეს უფრო ვრცლადაა აღწერილი. ამასთან, ქვეთავში სახელწოდებით "საქართველო უკომპრომისო დასავლურ ორიენტაციას ირჩევს" ვკითხულობთ, რომ ვარდების რევოლუცია დასავლეთის სახელმწიფოებმა დადებითად შეაფასეს და ახალი მთავრობა მკვეთრად გამოხატულ დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს ახორციელებდა. წიგნში საუბარია ნატოსკენ სწრაფვაზეც.

ამ ქვეთავში ივანიშვილის გარდა მხოლოდ ერთი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას ბიოგრაფია გვხვდება, თუმცა ამ შემთხვევაში არაფერია ნათქვამი მის გარდაცვალებაზე.

რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას, წიგნში წერია შემდეგი:

"2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა დასავლური კურსი, რაც გამოიხატება სახელმწიფოს სწრაფვით ნატოში გაწევრიანებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ".

ეს ციტატა ამოღებულია ქვეთავიდან სახელწოდებით "საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია", რომელიც გამყარებულია ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის გამოსვლის ამონარიდით პარლამენტში, სადაც ის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობს. წიგნში ვერ შეხვდებით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავს ციტატებს, თუმცა მოყვანილია ზურაბ ჟვანიას 1999 წლის ცნობილი მიმართვა ევროპარლამენტარებისადმი — "მე ვარ ქართველო და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი".

On.ge-მ სცადა ამ საკითხზე გამომცემლობებთან, ასევე, განათლების სამინისტროსთან დაკავშირება. ნაწილს კომენტარის გაკეთება არ სურს, ნაწილი კი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, დღეს ეს საკითხი ყველაზე მეტად განიხილება, არცერთი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

პარალელურად, დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნული ფაქტი სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანად" შეაფასა და ხვალიდან პროტესტი დააანონსა. მისი თქმით, ეს ყველას ეხება და პროტესტში ყველა თავის ადგილს იპოვის. ხოშტარია საზოგადოებას დაორგანიზებისკენ მოუწოდებს.