ბოლო წლებში მსოფლიოში არაერთი ჰიტი შეიქმნა, რომელიც ქალთა გაძლიერებისკენაა მიმართული. არიან მომღერლებიც, რომლებმაც დამსახურებულად მიიღეს "ფემინისტი კერპების" წოდება. ამ სიმღერებს კი მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს — გამამხნევებელი ტექსტები ქალებს ხმის ამაღლებისა და საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

ურიგო არ იქნებოდა, გვეთქვა, რომ უკვე დიდი ხანია, ასეთი სიმღერა ქართულ ენაზეც გვჭირდებოდა. ჰოდა, აი, ისიც — ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა, თინათინ ნოღაიდელმა, სასცენო სახელით Rémmée, პირველი ქართული ფემინისტური ჰიმნი გამოუშვა. პროექტის მხარდამჭერი თანასწორობის მოძრაობაა.

სიმღერა, სახელწოდებით დაო, თავად შემსრულებელმა დაწერა და ამით ქალებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს. თანამედროვე პოპისა და ფოლკის ნაზავი ემოციურ ტექსტს მოიცავს, რომელიც იმ პრობლემებს ეხება, ქალები რომ ყოველდღიურად აწყდებიან.

მინდა, ვუმღერო ყველა ქალს, ვინც ითმენს მოძალადე ქმარს,
ვისაც ყოველ დღე ესვრიან ქვას, ვინც დღეს ვერ იღებს ხმას.

"შენ თუ ჩემი ჯერ არ – მე შენი მჯერა", — ხმის ამაღლების შიში.

"არ დაგტოვებთ სტატისტიკად", — ფემიციდი.

სიმღერის ტექსტში ასევე ხაზი აქვს გასმული ტრანსფობიის პრობლემას და ჩამოთვლილია იმ ტრანსგენდერი ქალების სახელები, რომლებიც ბოლო წლებში ან მოკლეს, ან საეჭვო გარემოებებში დაიღუპნენ — ზიზი, ბიანკა, საბი; "ეს არ იყო შენი ბრალი".

მომღერლის თქმით, მოსწონს, როცა ქართულ პოპკულტურასა და ფოლკლორს ისე გარდაქმნის, რომ ეს ყველაფერი უფრო ფემინისტური, ქვიარმეგობრული და ინკლუზიური იყოს.

დაო უკვე ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის, Spotify-სა და Soundcloud-ზე.