რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ დღეს მან გამოძიებას მისი შვილის, დავით ხარშილაძის, დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გადასცა.

ელისო კილაძის თქმით, მისი შვილის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის გამოყენების ბრალდებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ მას აქვს კონკრეტული მტკიცებულება. კერძოდ, მისი თქმით, ესაა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ მის შვილს იმაზე მეტი პოლიციელი აკავებს, ვიდრე ეს დაკავების ოქმშია აღნიშნული.

"ოქმში წერია, რომ დაკავებისას ადგილზე იმყოფებოდა 3 პოლიციელი, ვიდეოში კი ჩანს, რომ დაკავებისას ადგილზე იმყოფებოდა ბევრად მეტი ადამიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი მაღალჩინოსანი" - თქვა კილაძემ.

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე, 13 მარტს, დააკავეს. 15 მარტს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხარჩილაძე 0,1626 გრამი ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. ელისო კილაძე შვილის დაკავებას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.