ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი, რომელიც გუშინ, 4 დეკემბერს განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან საქართველოსკენ წამოვიდა, თბილისში 10-12 დღეში ჩამოვა.

უწყების თქმით, სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები რეგულარული როგორც საქართველოს, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გახდება. მათივე ცნობით, საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიმ მიიღო.

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას", — ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მზარდი როლიც აღნიშნა.