მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილი TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის მიერ მომზადებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სასამართლოში კლანის არსებობაზე საუბრის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მისი აზრით, ამაზე საუბარი გადაჭარბებულია.

"ამასთან დაკავშირებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ჯერ ერთი, ვისაუბროთ კლანი და მეორე მხრივ, ვისაუბროთ მე რაღაც კლანის წევრობაზე. 15 წელია მე ამ სასამართლოში ვარ დანიშვნის დღიდან დღემდე და შეფასება, რომ "რაღაც კლანი" მე გადაჭარბებული მგონია", — განაცხადა მან.

ინტერვიუს ნაწყვეტი:
— ანუ არ არსებობს კლანი სასამართლო სისტემაში?
— გადაჭარბებულია.
— შესაფერისი სიტყვა რომელი იქნება, თუ კლანი არა, მაშინ რა არის ეს, ვინც მართავს სასამართლო სისტემას?
— რავიცი, ალბათ გუნდი?
— თქვენ ხართ ამ გუნდის ნაწილი?
— მე სასამართლო კორპორაციის ნაწილი ვარ.

მან, ასევე, ისაუბრა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვტილებაზე და განაცახდა, რომ აღნიშნული კანონიერი იყო და არ ნანობს.

"არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არცერთ შემთხვევაში [...] დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და ჩამეხედა კანონმდებლობაში, მაგალითად, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმი თუ მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას, რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში, "არ მინდა და არ გიშვებო"? ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია, მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა იხელმძღვანელოს", — აღნიშნა მან.

ბადრი კოჭლამაზაშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის მოსამართლეა. მან TV პირველთან ინტერვიუში სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის კადრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ "ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე" სანახავი იყო, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით კომენტარის გაკეთებიგან თავი შეიკავა.