კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური მედიებისთვის გარკვეული მექანიზმების შემოღებაზე საუბრობს. ბექაურის თქმით, დღევანდელი მედია ხელს უწყობს "პოლარიზებას, სიძულვილის ენას, ერთმანეთის შეურაცხყოფას", რასაც "წერტილი უნდა დაუსვან". ამის შესახებ მან 3 დეკემბერს გია გაჩეჩილაძის გადაცემაში ისაუბრა.

ბექაური აცხადებს, რომ დღეს მედიასაშუალებები "კონკრეტული დღის წესრიგით" მოქმედებენ, რაც სხვა მედიების საწინააღმდეგო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას იწვევს. მისი თქმით, ეს სტანდარტი "წლების წინ არ ყოფილა".

"ჩვენ მივედით აქამდე იმით, რომ პრაქტიკულად ამ მექანიზმების არარსებობამ კანონმდებლობაში, რითიც საშუალება მიეცა ტელევიზიებს, რომ ფაქტი დაემახინჯებინათ და არ დასჯილიყო, მოსაზრების აღრევა მოეხდინა ფაქტში და ეს არ დასჯილიყო, რეაქცია არ ყოფილიყო ამაზე, საწინააღმდეგო აზრი დაებლოკა და რეაქცია არ მომხდარიყო. ამან წარმოშვა სხვა მედია საშუალებებში საწინააღმდეგო მოქმედება და მივედით აქამდე.

საბოლოო ჯამში, ამის გამოსავალი, რომ თქვენ მედიაშიც, სხვა მედიაშიც ყველა მხარემ იაროს, გამოსავალი არის ის, რომ უკან უნდა დავბრუნდეთ, ანუ შემოვიღოთ უნდა ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესს ან დღის წესრიგს კი არ მოემსახურება და ჭიდაობა კი არ წავა და ერთმანეთის შეურაცხყოფა მედია სივრცეში ამ მედიიდან იმ მედიის, არამედ ყველა მედია ამ მინიმალურ სტანდარტს მაინც დაიცავს", — აღნიშნა მან.

კერძოდ მისი თქმით, მედია დაიცვას იმას, რომ "აღარ იქნება მისი ეთერიდან სიძულვილის ენა, ფაქტებს მაქსიმალური სიზუსტით მიაწვდის საკუთარ მაყურებელს, არ აურევს მოსაზრებას ფაქტში და განსხვავებული მოსაზრების ტირაჟირებას გააკეთებს".

"ამ მინიმალური სტანდარტის ვალდებულება თუ იქნება, ეს ტემპერატურა დაცხრება, ეს ემოციები დაცხრება და რომ დაინახავს საზოგადოების ყველა ჯგუფი, პოლიტიკური პარტიები, ისინი უკვე ყველა ტელევიზიაში ივლიან, იმიტომ, რომ როდესაც დაინახავენ, რომ მინიმალური სტანდარტი დაცულია მედიაში, ყველას მოუნდება ჯანსაღ დებატში, წყნარად არგუმენტებით საუბარი", — აცხადებს ის.

ბექაურის განცხადებით, დღეს ეს "დაყოფილია" და რესპონდენტები საკუთარი "პოლიტიკური დღის წესრიგიდან თუ ინტერესიდან" გამომდინარე სტუმრობენ ეთერებს, რომ ცალმხრივად საუბრის საშუალება მიეცეთ.

"აი, ეს უნდა გასწორდეს, ამ თვალსაზრისით უნდა გასწორდეს და ეს გადაწყვეტს მაგ პრობლემას, რომ შემდეგ რესპონდენტებსაც მოუნდებათ ყველგან სიარული", — თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მედიის დამატებით რეგულირებას ითხოვს გიგა გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი". მას სურს პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები, "რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას".