ყოველკვირეული PCR ტესტი ერთ ადამიანზე თვეში, დაახლოებით, ֏40,000 (80 დოლარი) ეღირება — უხეში გათვლით, ქვეყანაში საშუალო წლიური ხელფასის 20%. მანამდე, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებს ტესტი თვეში ორჯერ მოეთხოვებოდათ.

სომხეთი ხელისუფლება, ასევე, საუბრობს გეგმაზე, რომ უცხო ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეებს მათთან შესვლა აეკრძალოთ. კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების მიხედვით, არავაქცინირებულ უცხოელებს სომხეთში შესვლა შეუძლიათ, თუ ისინი საზღვრის კვეთამდე სულ მცირე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს წარმოადგენენ, ან ტესტს ადგილზე ჩაიტარებენ და პასუხის მიღებამდე კარანტინში გადავლენ.

ყოყმანი ვაქცინაზე

ამ ეტაპზე, სამხრეთ კავკასიაში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს — სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 15%.

მიუხედავად უამრავი სამეცნიერო მტკიცებულებისა, რომ ვაქცინები კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შედეგის თავიდან ასაცილებლად ძალზე ეფექტურია, სომხეთში აცრისგან ბევრი იკავებს თავს.

შემოდგომის დასაწყისში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, ანაჰით ავანესიანი წუხდა ვაქცინაციის მიმართ სომხეთის მოსახლეობის "არაგონივრული დამოკიდებულების" გამო, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შედეგია — მათ შორის, ზოგიერთი თავად ექიმებისა და ექთნებისგან მომდინარეობს.

"ბევრი ექიმი არ არის ჩართული ანტივაქცინაციის პროპაგანდაში, მაგრამ ისინი ძალიან აქტიურები არიან", — განაცხადა მან.

როგორც გაყიდვების ასისტენტმა ერევანიდან, ანი ხაჩატრიანმა OC Media-ს განუცხადა, ჯანდაცვის მუშაკმა ნაცნობებმა ურჩიეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება გადაედო.

"მეც მირჩევნია, რომ ცოტა ხანს დავიცადო და ვნახო, რომელი ვაქცინებია ყველაზე სანდო", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ონლაინ სივრცეებში ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ არსებულმა განხილვებმაც დაუმატა ეჭვები.

"დედაჩემი ძალიან ბევრ ყალბ ინფორმაციას კითხულობს ინტერნეტში და სჯერა, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს, საწინააღმდეგოს ვერ ვუმტკიცებ", — აღნიშნა მან.

ქვეყანაში ყველაზე სასურველი ვაქცინა ჩინური წარმომავლობის Sinopharm-ია, რომელიც სომხეთში ვაქცინირებულთა 40%-ის არჩევანი იყო. AstraZeneca-სა და რუსული Sputnik V-ის მარაგების მიუხედავად, ხელისუფლებამ Sinopharm-ის დამატებით 200 000 დოზა შეიძინა.

ამასთან, სექტემბერში სომხეთმა 1-დოზიანი Sputnik Light ვაქცინის წარმოება დაიწყო.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.