გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა საძოვარი მიწის ნაკვეთების გაყიდვას ისევ აპროტესტებს.

"საძოვარი გაგვიყიდეს, საძოვარი აღარ გვაქვს, მოსავალი ვერ მოგვყავს, საზღვრისპირა სოფლები ვართ, ომი რომ იყო, 5 ვაჟკაცი დავმარხეთ. არავინ არაფრით არ გვეხმარება, ესენი გამოჩნდნენ, არ ვიცი ვინ არიან და გვიხნავენ ამ მამულს. ეს მამული რომ მოხნან, ჩვენი შვილები დაიხოცებიან მშივრები", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილზეა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ბერიანიძე, რომელიც აცხადებს, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

"სამართლებრივად დოკუმენტი არ გვიჭირავს, გავლილია იურიდიულად, შესწავლილია. გარდა მოლაპარაკებისა, სამართლებრივად სხვა დოკუმენტი არ გვაქვს, რომ ჩვენ ის მიწა უკან გამოვითხოვოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამას კონკრეტულად, 10 დღე იქნება თუ 11 მნიშვნელობა არ აქვს. მე გეუბნებით, რომ იქ ვერ მოიხვნება, სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება. სამი ინვესტორია ამჟამად შემოსული, 25-25 ჰექტრებად აქვთ ნაყიდი", — ამბობს ის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ, რომ მიწის მფლობელებსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები გაიმართებოდა, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

მათივე ინფორმაციით, ზეღდულეთში სადავო მიწის ნაკვეთები 2009 წელს გაიყიდა, ამის შემდეგ კერძო პირმა ჯერ უცხოურ კომპანიას, უცხოურმა კომპანიამ კი სხვადასხვა კერძო პირს მიჰყიდა.