შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1974 წელს დაბადებული კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა", — აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციაც გაიმართა. აქციაზე იყო დაპირისპირება მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. სასამართლოს ეზოში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. ჯამში, დაკავებულია 15 ადამიანი — მათ შორის, ბესიკ თამლიანი, რომელსაც ბრალად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად.

ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.

გუშინდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს — მან სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.

გაიგეთ რაზე ისაუბრა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე: