ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ეტაპობრივად სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ. თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით, არსებობს რესურსი, რომ "სწორი კომუნიკაციის საფუძველზე" მოქალაქეები წაახალისონ და ამცრელ პუნქტებთან მიიყვანონ.

"თქვენ იცით ჩვენი მიდგომა, რომელიც არის, შეიძლება ითქვას, ლოიალური, მაგრამ ალბათ, იმ მძიმე ფსიქო-ემოციური ფონის პერიოდში, როდესაც ჩვენ ორი წელია უკვე პანდემიის პირობებში ვართ და ვიცით, როგორი არის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, როგორც ფსიქო-ემოციური, ასევე, ეკონომიკური და სოციალური, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ფაქტორი იყოს ერთობლივად გათვალისწინებული და აქ არ არის მიზანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ, ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც.

ეტაპობრივად, არ გამოვრიცხავ მე, რომ ჩვენ მივიდეთ, ასევე, სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით, არსებობს ის რესურსი, რითაც ჩვენ შეგვიძლია სწორი კომუნიკაციის საფუძველზე მოქალაქეები წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ამ ეტაპზე საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია არ მოქმედებს. ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი მას ემხრობა, ნაწილი — არა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ პედაგოგებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებში ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. აქამდე ამ აზრს არ იზიარებდა ეკატერინე ტიკარაძე.