ჯანდაცვის მინისტრი მწვანე პასპორტის უვადობას არ ემხრობა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებთა კონტროლის ცენტრი მთავარი უწყებები არიან ამ რეკომენდაციების გაცემის მხრივ, ვერ იტყვის, "სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას".

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცავს გარკვეულ რისკებს, მაგრამ აქ არსებობს სხვა საფუძველიც. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპისთვის, სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს მწვანე პასპორტები, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად, მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება და მე განვმარტე კიდეც, რომ განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს", — განაცხადა მან.

მწვანე პასპორტზე ტიკარაძემ 2 დეკემბერსაც ისაუბრა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მასთან დაკავშირებული ღონისძიებები გამკაცრდეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო ემზადება ახალი შტამისთვის და გეგმავს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, განიხილება PCR ტესტის ვალიდურობის შემცირება 72-დან 48 საათამდე.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობს მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვაქვს. ერთს ევროკავშირი აღიარებს და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანს, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ აქვს გადატანილი.

ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

გაიგეთ მეტი: