ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის კუთვნილ დოზას წლის ბოლომდე მიიღებს.

"ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი — მე პირველი დოზა გავიკეთე AstraZeneca-ს ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, თუმცა შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება და იმ პერიოდში, როცა მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, მე უკვე ვიყავი ინფიცირებულიც.

მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკევეულ რისკებს შეიცავდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც მცირედი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც უკვე საჭირო კონსულტაციები ჩაითვალა, რომელი ვაქცინით უნდა ჩავიტარო მე უკვე აცრა და მხოლოდ დღეს უკვე ხდება ცნობილი, რომ დასაშვები არის ადამიანები, რომლებიც არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მათ აქვთ საშუალება, მიიღონ დამატებითი დოზა Pfizer-ის ვაქცინით, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო და ასევე, ბუსტერ დოზაზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აიცრან Pfizer-ის ვაქცინით.

ამიტომ ეს იყო მთელი საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი და ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან დაკავშირებით, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება, როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე, რომ არ შემექმნა და არ დამენერგა გარკვეული პანიკა მოქალაქეებში. თუმცა ,ას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მეტად უფრო ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე ვიღებ ჩემს კუთვნილ დოზას ვაქცინის", — განაცხადა მან.

მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში პირდაპირ ეთერში აიცრა. ტიკარაძეს მეორე დოზის ჩატარებამდე, პირველ ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა.