მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ჰილარი კლინტონის "თხილისა და რედ ბულისთვის" ასამართლებენ, როცა მთავრობამ "პიარზე 140 მილიონი ლარი დახარჯა". ამის შესახებ ის მორიგ წერილში წერს.

"მე მედავებიან 9 მილიონს, ძირითადად ამერიკის სამი პრეზიდენტის გამასპინძლებისთვის, იმ პიარისთვის, რამაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი 80 ათასიდან 8 მილიონამდე გაზარდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე დასვა.

დღეს დადასტურდა, რომ მთავრობამ პიარზე (ძირითადად შიდა პიარზე, ე.ი. მოსახლეობის გასულელებაზე) 140 მილიონი ლარი დახარჯა და ესენი მასამართლებენ მე, ჰილარის თხილისა და რედ ბულისათვის.

სხვათა შორის, დააკვირდით 2012 წელს რა იაფი ღირდა ყველაფერი დღევანდელთან შედარებით. სწორედ იმიტომ, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია ინფლაციაში ე.ი. პურის, ხორცის, ზეთის, ყველის, მწვანილის, წამლების ფასების ზრდაში. ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ", — წერს ის.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც სააკაშვილიც ესწრებოდა. საქმეს მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილი იხილავდა. სააკაშვილს ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედება. საუბარია 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაზე. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.